Friday, June 18, 2010
Thursday, June 17, 2010
მოდინახე
პროექტის სახელწოდება:
საჩხერის რაიონის ერთ-ერთი
ისტორიული ძეგლის
,,მ ო დ ი ნ ა ხ ი ს”
წარსული, აწმყო და მომავალი
ქ. საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა
2008 წ.
გუნდის წევრები:
1. მაია მაჭარაშვილი (კაპიტანი)
2. ხათუნა თოდაძე
3. ნინო ზაალიშვილი
4. ვერიკო მწყერაშვილი (ხელმძღვანელი)
პროექტის მიზანი:
კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე მგრძნობიარე და სასიცოცხლო ძარღვი სკოლაა.
ქართული ენის კარგად შესწავლა საფუძველია ჩვენი შემდგომი წარმატებებისა. ენა მხოლოდ გაკვეთილზე არ შეისწავლება. იგი მისხალ-მისხალ, წვეთ-წვეთად შემოდის ჩვენში. იცხრილება, იწონება და შესისხლხორცდება.
ვის არ ახსოვს ნიკო ლორთქიფანიძის ,,დაგვიანებული ყვავილები,” რომელშიდაც კარგად ჩანს, როგორი მონდომებითა და ენთუზიაზმით აკეთებდა მასწავლებელი თავის საქმეს, როგორ ციოდათ პატარებს, მაგრამ სიცივისაგან დაკრუნჩხული ხელებით მაინც წერდნენ დაფაზე: ,,არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს”
მასწავლებელი დღესაც ცდილობს მთელი არსებით დაიწვას და გზა გაუნათოს მომავალ თაობებს.
ჩვენც პირნათლად შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რომ ვსრულვყოთ განვითარებული საქართველოს მომავალი.
ისპობა და ნადგურდება საუკუნეთა ქარცეცხლში გამოვლილი კულტურული მემკვიდრეობა. მათ მოვლა-პატრონობა ისე სჭირდება, როგორც არასდროს.
მიზნად დავისახეთ საქართველოს ერთ-ერთი რაიონის საჩხერის უძველესი ისტორიული ძეგლის ,,მოდინახის” პოპულარიზაცია, რომელსაც ადრეულ წლებში უხვად ჰყავდა ტურისტი, როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან. დღეს კი საერთოდ არ ჰყავს ტურისტი ამ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს.
საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა ის მეცნიერული მასალა, რომლის საშუალებასაც სასკოლო პროგრამა გვაძლევს, მაგრამ გვსურს მოვიძიოთ ყველა ის მასალა, რომელიც ჯერ კიდევ ხალხშია გაბნეული ფოლკლორის სახით და წარმოვაჩინოთ ჩვენს ნაშრომში.
საფუძვლიანად ვსწავლობთ მის ისტორიულ წარსულს. აწმყოს და ვზრუნავთ მის მომავალზე, რათა განვითარდეს ტურიზმი, გაიზარდოს რაიონის ბიუჯეტი, რაც აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.
დაუმეგობრდებით საჩხერის რაიონის სკოლების თანატოლებს, შევხვდებით რაიონის ინტელიგენციას და დავაინტერესებთ ამ საპატიო მამულიშვილური საქმით, რაც ხელს შეგვიწყობს:
ა) ეკოლოგიურად დავიცვათ და ვიზრუნოთ ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაზე.
ბ) გავაანალიზოთ და შევაფასოდ ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაცია.
გ) გავაანალიზოთ პირველადი და მეორადი წყაროები.
დ) დავგეგმოთ და ჩავატაროთ ისტორიული კვლევა.
ე) შევაგროვოთ კვლევისათვის საჭირო ინფორმაციები.
ვ) დავეუფლოთ ისტორიული კვლევის შედეგების წარმოჩენისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს.
ზ) გავაანალიზოთ საკუთარი პიროვნული თვისებები და შესაძლებლობები.
თ) ვითანამშრომლოთ თანატოლებთან და მოზრდილებთან საერთო ინტერესების განსახორციელებლად.
ი) გამოვიმუშაოთ კვლევისა და პრეზენტაციის უნარი.
პროექტის განხორციელება
ჩვენი პროექტის კონცეფცია განათლების სამინისტროს მიერ მოწონებული იქნა, რის შემდეგაც შევუდექით მუშაობას.
პირველ რიგში მოვაწყვეთ ლაშქრობა ,,მოდინახის” ციხეზე.
აღმართს ოთხნი მივუყვებოდით და მივიწევდით ზევით. იქ, სულ ზევით, სადაც ,,მოდინახეა”, დანგრეული მოდინახე, რომელიც გარდასულ წლებიდან გვიხმობს და გვეძახის.
,,მოდინახე” დღეს
,,მოდი”_ეს მუდარა როდია. ეს უფრო გამოწვევაა, საკუთარ მშვენებასა და მიუწვდომლობაში დარწმუნებული ციხე-სიმაგრის გამოწვევა. ,,მოდი!”_გვაქეზებს იგი. ტკაცუნობს სიცხე. ციხის ჩამოშლილ მხრებს ეხვევა თაკარა, მაგრამ ,,მოდინახე” გვაქეზებს და ჩვენ შეუსვენებლად მივიწევთ წინ, რომ როგორმე მივწვდეთ მის დაშრეტილ მკერდს. შორიდან ასე გვგონია, ,,არც მიწისაა არც ცისა”. უფრო შორს, საუკუნეების იქით ცასა და მიწას შორის გახიდული მოდინახე, მკერდით ხვდებოდა მომხვდურს. ქართველს უყვარდა ეს ციხე. ქართველს უყვარდა სხვა ციხეც... რადგან ქართველი მხოლოდ ციხე-სიმაგრეში იყო თავისუფალი მაშინ.
როცა ,,მოდინახეს” შეჰყურებ, რწმუნდები, რომ საქართველო სიმაღლემ გადაარჩინა.
თვალს ხუჭავ და ხედავ: წელში გადრეკილ ვაჟკაცებს მწვერვალზე ააქვთ ვეება ლოდები, რათა დაიპყრონ სიმაღლე და თავისუფლება.
პირველად, ალბათ, ,,მოდინახის” ქონგურებიდან გადახედა დიდმა აკაკიმ საუკუნეების გადაღმა მთვლემარე საქართველოს.
დღეს ჩვენ ვდგევართ მოდინახის ფერდობზე, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს კოპწია სოფლებითა და ბაღ-ვენახებით დამშვენებული ზემო იმერეთი. შორს, მდინარე ყვირილის ხეობაში შემოჭრილი ლურჯი მთის ქიმზე იალქანივით ქათქათებს წმინდა გიორგის სახელობის გორიჯვრის სალოცავი.
წმინდა გიორგის სახელობის ,,გორიჯვრის” სალოცავი
მთების ძირში ასწლოვანი ხეების ქვეშ შეყუჟული ხოხბისფერი სავანის ტაძარი. ჩუქურთმით აყვავებული მისი კედლები ათასი წელია, დიდების გვირგვინით მოსავს მის ხუროთმოძღვარს ჰარაბას, რომლის სახელიც ტაძარზე ამოკვეთილ წარწერაში იკითხება.
თვალი გადავავლეთ ისტორიულ წარსულს და ვინატრეთ, ჩვენი სათაყვანებელი, შრომისმოყვარე ერი უფრო ბედნიერი და ლაღი გვენახა. ისეთი, როგორიც ჩვენს წინაპრებს სურდათ და ისეთი, როგორისთვისაც დღეს ქართველი ხალხი იღწვის და ოცნებობს.
,,მოდი!”_უხმობს ამაყი ციხე ცასა და ხმელეთს, და მოსულან მის სანახავად ეს მშვენიერი ყვავილები. ციხის ფერდობებზე ანთია წითელი ყვავილების მიმქრალი ცეცხლი. ნიავიც თითქოს აღვივებს ამ ცეცხლს და ნელა უბერავს სულს.
გავყურებთ სივრცეს. მოჩანს გზები, ბილიკები, სათიბები, ვენახები, ფერდობებზე შეფენილი სახლები. ახლა ამ გზებს არ მოჰყვებიან დამპყრობელთა ურდოები.
თითქოს მთელი იმერეთი ,,მოდინახე” იყოს.
,,მოდი!”_იძახიან მისი ამწვანებული ჭალები.
,,მოდი!”_გვეძახის ჩხრიალა ჩიხურა.
,,მოდი!”_გვეძახის დიდი პოეტის ლანდი.
ვეფერებით გარინდულ კედლებს, ვამაყობთ ქართველი ერის წარსულით და ვფიცავთ, არ დავივიწყებთ მათ გმირულ საქმეებს, ვიღებთ სურათებს და შთაბეჭდილებით დატვირთულნი ნელა ვეშვებით დაბლა.
სტუმრად აკაკი წერეთლის სახელობის
ბიბლიოთეკაში
ვეწვიეთ საჩხერის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკას. გულთბილად მიგვიღეს და დაგვეხმარნენ ლიტერატურის მოძიებაში დირექტორი მარინა აბრამიშვილი, მთავარი ბიბლიოგრაფი ნინო ომიაძე, სამკითხველო დარბაზის უფროსი სპეციალისტები: ნაირა აბრამიშვილი და მარინა გაბრიჭიძე, საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი რუსუდან აბრამიშვილი, მომსახურების განყოფილების გამგე მზია ზანგურაშვილი.
სტუმრად ბიბლიოთეკაში
მოვიძიეთ ლიტერატურა ისტორიული ძეგლის ,,მოდინახის”შესახებ. (კერძოდ: ჯ. ნადირაძის ,,ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები”, ,,მზით განათებული ათასწლეულები”, ,,საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი”.
საფუძვლიანად შევისწავლეთ მოძიებული ლიტერატურა, გაოცებულები დავრჩით ციხის ისტორიით და დღეს შეგვიძლია ვრცლად ვისაუბროთ მის შესახებ.
მდინარე ყვირილის ზემო წელი, რომელიც დღევანდელი ჭიათურა-საჩხერის რაიონებს მოიცავს, წარსულში წარმოადგენდა საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფეოდის-ისტორიული არგვეთის დიდ ნაწილს. მდინარე ყვირილა, რომელმაც მოიგო სახელი ,,ესე თვისის ჩქამისა და კლდესა ზედა დინებითა.”დღევანდელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ერწოს ტბიდან იღებს სათავეს. სოფელ ჭალიდან საჩხერემდე იგი მშვიდად მიედინება მთებს შორის ფართოდ გაშლილ ხოდაბუნებზე, ხოლო საჩხერიდან შოროპნამდე ისევ კლდოვანსა და ღრმახრამიან ხეობაში მიიკვლევს გზას. მდინარის მარჯვენა სანაპირო მჭიდროდ ეკვრის რაჭა-იმერეთის მთებს. მარცხენა სანაპირო ძირითადად ძირულის ხეობას გასდევს და სამოცი კილომეტრის მანძილზე ეშვება.
ყვირილის ზემოწელზე გამოვლენილია არქეოლოგიური ძეგლები და ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობანი.
საჩხერის წინა ქრისტიანული ხანის არქეოლოგიურ ძეგლებს პირველად ყურადღება აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია.
მცირე გათხრები აწარმოა და იქ გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალებს გამოკვლევა მიუძღვნა.
1929 წელს ე. თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალებს ყურადღება მიაქცია აკადემიკოსმა ბ. კუფტინმა და მათი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ საჩხერელი კულტურა განვითარების ადრეულ საფეხურს მიეკუთვნება.
პროფ. კუფტინის გარდაცვალების შემდეგ ყვირილის ხეობის ძეგლების შესწავლა გააგრძელა და გააღრმავა პროფ. ოთარ ჯაფარიძემ
საჩხერის რაიონში გამოვლენილია ცხრა არქეოლოგიური პუნქტი. აქედან ოთხი მიეკუთვნება საქართველოსა და ამიერკავკასიის ლითონის განვითარების ადრეულ საფეხურს, ხოლო დანარჩენი ხუთი გვიანი ხანის სხვადასხვა ეპოქებს.
,,მოდინახის” ციხის ფერდობზე მოპოვებული ექსპონატები
1967 წელს საჩხერის ჩრდილოეთით, მოდინახეს ციხის სამხრეთ ფერდობზე, ექსპედიციის მიერ მიკვლეულ იქნა არქეოლოგიური ძეგლი.
ციხე მოდინახე რაჭა- იმერეთის მთების სამხრეთით ყველაზე დაბალ განშტოებაზეა აგებული.
ქედის იმ ნაწილს, რომელზედაც ფეოდალური ხანის ციხე და არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, დასავლეთით მდინარე ჯრუჭულის ხეობა ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან მდ. ჩიხურის ხეობა. ჩრდილოეთიდან ღრმა შვეული კლდით გამოყოფილია სოფელ დუნთისაგან. სამხრეთი ნაწილი, რომელზედაც გაშენებულია ქ. საჩხერე, ამფითეატრივით ეშვება მდინარე ყვირილის რიყოვან ნაპირმდე. აღნიშნულ ტერიტორიის უმაღლეს წერტილზე, რომელიც დაფუძნებულია გვიან ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე, საიდანაც მოჩანს ისტორიული არგვეთის თითქმის მთელი მიდამო.
საჩხერის ხედი ,,მოდინახიდან”
ხალხში შემონახული ლეგენდა ციხის მშენებლობის ამბავს ასე გადმოგვცემს: წერეთელს თავად აბაშიძის ასული მოსწონებია და მისთვის დამოყვრების სურვილი განუცხადებია. აბაშიძეს სასიძო გაუკილავს: ციხის არმქონე წვივშავიძეს ქალს არ მივცემო და შუამავლები უარით გაუსტუმრებია. საწერეთლოს შეურაცხყოფილ თავადაზნაურებს, აბაშიძეზე გალაშქრება მოუნდომებიათ, მაგრამ ისინი პაპუნა წერეთელს დაუმშვიდებია, ,,ძმათა სისხლის ღვრას ოფლის ღვრა სჯობსო”,-უთქვამს და ციხის მშენებლობა დაუწყია. მშენებლობა რომ დაუსრულებია, აბაშიძისათვის კაცი გაუგზავნია და შეუთვლია, ,,მოდი ნახეო”, ამის შემდეგ დარქმევია ციხეს მოდინახე. დავითი მოუხიბლავს მკვიდრად ნაშენ უზარმაზარ, კოშკებიან ციხეს და წერეთელი დაუმოყვრებია.
ლეგენდა ლამაზად გადმოგვცემს ციხის მშენებლობის ამბავს. სინამდვილეში ციხის მშენებლობა მაშინ არსებულმა პოლიტიკურმა მიზეზებმა განაპირობა.
მოდინახის ციხემ რა სახითაც ჩვენამდე მოაღწია, განახლებული იყი XVIII საუკუნის ორმოციან წლებში
ციხე ,,მოდინახე”
1958 წელს მოდინახეს სამხრეთ ფერდობზე გზის გაყვანის დროს ბულდოზერისაგან ჩამონგრეულ მიწაში გამოჩნდა სხვადასხვა დროის სამარხები და მძლავრი კულტურული ფენა. აქ ბრინჯაოს, რკინისა და ოქროს იარაღ-სამკაულებთან ერთად ნაპოვნი იყო კერამიკის ადგილობრივი და იმპორტული ნაწარმი.
გადაღებულია ,,მოდინახის” გათხრების შედეგად მოპოვებული
ფერდობზე არქეოლოგიური ექსპონატები
გათხრების დროს.
27. IV. 1958 წ.
ექსპედიციის მიერ მოდინახეს სამხრეთ ფერდობზე გამოვლენილია სამი კულტურული ფენა. წინამდებარე ნაშრომის ძირითად მიზანს შეადგენს II და III ფენაში აღმოჩენილი მასალების დაწვრილებით განხილვა. I ფენა უკავშირდება ნამოსახლარის შემდგომ ფენებს.
პირველი ფენა აყალო მიწის ფერისაა და კარგად გამოიყოფოდა მეორე ფერისაგან. მისი სისქე საშუალოდ 0,70 მ-ს უდრიდა. აქ უმთავრესად აღმოჩნდა ცხოველის ძვლები, კერამიკული ნაწარმის ნაშთები, ჭურჭელი ხელითაა ნაძერწი, ფრაგმენტები უმთავრესად სქელკედლიანი დიდი ზომის ჭურჭლების ნატეხებს წარმოადგენს. მოდინახეს პირველ ფენაში აღმოჩენილ მასალებს III ათასწლეულის მეორე ნახევრით ათარიღებენ.
მეორე ფენა მოშაო რუხი ფერისაა, კარგად გამოიყოფა პირველი ფენისაგან. მისი სისქე ზოგჯერ 2,40 მეტრამდე აღწევს. იგი შეიცავს ნახშირისა და ნაცრის შრეებს. ალაგ- ალაგ შეინიშნება თიხა თკეპნილები. ფენაში დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი ცხოველის ძვლები, ლითონის ნივთები. განსაკუთრებით მდიდარია სამეთუნეო ნაწარმის ნაშთებით, რომლის ძირითად მასას კერამიკა შეადგენს. ჭურჭლები წარმოადგენენ ბრტყელ ძირიან ცალყურა ქილებს ოდნავ გამოწეული პირით. დიდი რაოდენობით არის მოპოვებული მდიდრული ორნამენტით შემკული მრავალგვარი ასორტიმენტის ჭურჭლის ფრაგმენტები, ბრინჯაოს მასიური ღერისაგან დამზადებული საკინძი და სხვა.
მოდინახის ნამოსახლარის მესამე ფენა მოშაო ნაცრისფერია, დაახლოებით 110 სმ. სისქისაა. II ფენისაგან გამოიყოფა აგურისფერი თიხატკეპნილით. ეს ფენა ძალზე მდიდარია სამეთუნეო ნაწარმის ნაშთებით, ხელსაფქვავებითა და ლითონის ნივთებით. თიხისაგან დამზადებული ღია მოყავისფრო ან მოშაო ჯამებით.
მესამე ფენის თარიღის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს იქ აღმოჩენილ ე.წ. სკვითურ ისრის პირებს, რაც ძვ.წ. VII-VI სს ძეგლებისათვის არის დამახასიათებელი.
2500 წლის წინათ აქ, მოდინახის ფერდობზე, ჩვენს შორეულ წინაპრებს ტერასებით ამოყვანილ პატარა ეზოებში უშენებიათ საცხოვრებელი სახლები და სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობა. ერთი მათგანი ხანძარს გაენადგურებინა. მისი ოთხკუთხედი ფორმისQქვის საძირკველის შიგნით და გარეთ მრავლად ეყარა მეორედ გამომწვარი, ფურცელივით მსუბუქი თიხის ჭურჭლის ნატეხები. აქვე აღმოჩნდა ქვის ხელსაფქვავი, რომელიც ადამიანმა უხსოვარ დროში გამოიგონა და შემდეგ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე, პურეულის დასაფქვავი ერთად-ერთი იარაღი იყო.
იმ სახლის რომელიღაც წევრს დაჰკარგვია ვერცხლის კოლხური მონეტა. იგი საუკუნეების განმავლობაში ეგდო საძირკვლის კუთხის ქვეშ. შესაძლოა, საძირკვლის ჩაყრის დროს, დღემდე შემორჩენილი ჩვეულებისამებრ, მშენებლებმა იგი განგებ ჩააგდეს, რითაც სახლს ბარაქა და ბედნიერება დაუბედეს. მონეტის ერთ მხარეზე პროფილში რელიეფურად გამოხატულია ადამიანის სახე, ხოლო მეორე მხარეზე გადმოცემულია ჯიშიანი ხარის ძლიერი და ლამაზი თავი. ამგვარი ფულით ჩვენში ვაჭრობდნენ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნიდან მესამე საუკუნემდე. მონეტები იჭრებოდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კოლხი მეფეების მიერ და ერთ-ერთი უძველესი ფულია მათ შორის, რომელიც კი ცივილიზებულმა ერებმა შექმნეს ქრისტიანობამდელ მსოფლიოში. ამ მონეტების სხვადასხვაგვარი ნიმუშები არსებობს და ნუმიზმატები ფიქრობენ, რომ უძველესი ცალების მოჭრა და მათი ბრუნვაში მიმოქცევა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან უნდა დაწყებულიყო.
უეცარი შემთხვევისაგან განადგურებული ნაგებობის ნაშთები აღმოჩნდა მეორე ფენაშიც. მის თიხატკეპნილ იატაკზე აღმოჩენილია ბრინჯაოს თავხია საკინძები, შალის უხეში ტანსაცმლის შესაკრავ-შესაკინზი
ნაპოვნია წარსულის შემზარავი სურათი: სულ მცირე ერთ კვადრატულ მეტრზე 17 თავის ქალა იყო დახვავებული. მათ გარშემო ეყარა შუბები, სატევრები, ქინძის თავები საყურეები. იქვე იყო ნატიფად ნაძერწი შავად მოლაპლაპე თიხის პატარა ჭურჭლები.
ცოტა მოშორებით სართულებად იყო დახვავებული მეომართა ძვლები. ერთ-ერთი მათგანი ვერაგულად იყო მოკლული-ხერხემლის მალებში გაჩხერილი ჰქონდა ზურგიდან ჩაცემული ბასრი მახვილი.
ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უეცრად დახოცილი ადამიანებისათვის სამარა სახელდახელოდ გაეთხარათ. მიცვალებულები მაშინ არსებული წესის მიხედვით იყვნენ დასაფლავებულნი. ისინი მოკრუნჩხულნი იწვნენ მარჯვენა გვერდზე.
სამარხი
არქეოლოდიაში ჩახედული კაცი შუბების ფორმებისა და სამარხებში არსებული ჭურჭლების მიხედვით ადვილად მიხვდება, რომ ეს კულტურა მეორე ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება. იმ შორეულ ეპოქას ჩვენ 3500 წელი გვაშორებს.
ამიერკავკასიის ტერიტორიაზე 4500 წლის წინანდელ ძეგლებში ლითონი არსად არ ყოფილა ისე უხვად მოპოვებული, როგორც საჩხერეში. ამ გარემოებამ მეცნიერებას საშუალება მისცა დაემტკიცებინათ, რომ ყვირილის ზემო წელი იმ შორეულ ეპოქაში მეტალურგიის ერთ-ერთი კერა იყო.
მოდინახეზე გაჭრილ თხრილში, რომლის სიღრმემ ხუთ მეტრს გადააჭარბა, ნაპოვნია სიცოცხლის კვალი და სპილენძის გამოსადნობი ქურები. ყვირილის ჭალებში ისინი თესდნენ ქერსა და პურს, აქვე მწყემსავდნენ მთის კალთებზე შეფენილ ნახირს. მოდინახის მიწა იძლევა ამის საბუთებს: ლითონის წარმოების ნაშთებს, ქვის ხელსაფქვავებსა და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ძვლებს.
ამრიგად მოდინახეზე აღმოჩენილია სამი უძველესი ეპოქის ნამოსახლარი და მეორე ათასწლეულის სამაროვნები.
მოდინახეზე გამოვლინდა ათეულობით მდიდრული სამარხი. აქ მოპოვებულ გვიან ანტიკური ხანის ბრწყინვალე ძეგლებს დიდი მნიშვნელობა აქვს უძველესი ქართული სახელმწიფოს კულტურულ-ეკონომიკური ისტორიის შესასწავლად. ეს არის ნატიფად დამუშავებული სამეთუნეო ნაწარმი, მრავალნაირი იარაღ-საჭურველი, ოქროს მონეტები, მხატვრული სახეებით შემკული ძვირფასი ბეჭდის თვლები, ტანსაცმლის მოსაქარგი ოქრომკერდი, მარგალიტის თვლებით დამუშავებული საკინძები, მუსიკალური საკრავები და მხატვრული კულტურის სხვა მრავალი ძეგლი.
მშრალი წყობილი ქვის ცალპირი კედლით შემოზღუდულ ორმოში ესვენა საკმაოდ ახოვანი მამაკაცი. მას ჩატანებული ჰქონდა ვერცხლის კოჭსაფრები, ვერცხლის ფიალა, ვერცხლის სურა, ნატიფად ნაძერწი მსხლის ფორმის ზაფრანის ფერი თიხის დოქები, ბაჯაღლო ოქროს ბალთები, ოქროს ბეჭედი, ოქროს მონეტები, ოქროთი გაწყობილი დანა და ფოლადის სატევარი. ყველა ეს ნივთი მხატვრულად სრულქმნილი და ტექნიკურად რთულად ნაკეთებია.
საქართველოს ტერიტორიაზე გვიან ანტიკური ხანის მდიდრულ სამარხებში საომარი დანიშნულების იარაღ საჭურველი არსად ისე მრავალფეროვნად არ ყოფილა წარმოდგენილი, როგორც მოდინახეზე. ეს არქეოლოგიური კომპლექსი შეიცავს მძიმე წონის მასრამილიან შუბის პირებს, გრძელ საძგერებელ მახვილს, ფარის ნაწილებს, დიდი რაოდენობით გვხვდება ფოლადის ორლესური სატევრები. ერთ მათგანზე შემორჩენილი ძვლის ტარი მხატვრულად არის გაფორმებული.
მოდინახეზე მოპოვებული არქეოლოგიური ძეგლები აშკარად მიუთითებენ, რომ მათი მფლობელები მძიმედ შეიარაღებული საშუალო ფენის არისტოკრატიას განეკუთვნებიან. მათი საქმიანობა ძირითადად, მეფე- ერისთავთა სამსახურში დგომითა და ლაშქრობით განისაზღვრებოდა.
#36 სამარხში დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ოქრო-ვერცხლის ნივთები და ოქროთი გაწყობილი იარაღ- საჭურველი კი მის მფლობელს ,,მეფურ იერს აძლევდა და ეს გვაფიქრებინებს, რომ აქ დამარხული უნდა ყოფილიყო ძველი არგვეთის გამგებელ ერისთავთა წრიდან გამოსული დიდებული.
მოდინახეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები აშკარად მიუთითებენ, რომ გვიან ანტიკური ხანის დასაწყისიდან არგვეთის საერისთაოს ცენტრი ყვირილის მარჯვენა სანაპიროზე იყო. ამ ქვეყნის გამგებელთა რეზიდენცია.
,,ქართლიც ცხოვრებაში დაცული ცნობა იმის შესახებ, რომ არგვეთის ერისთავის რეზიდენცია იმ საუკუნეში ჩიხა იყოო, შესაძლებელია გულისხმობდეს საჩხერის ტერიტორიას.
მოდინახეზე აღმოჩენილი ადღე ანტიკური ხანის ძეგლები რვაასი წლის უხნესია აქვე გამოვლენილი გვიან ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის ნიმუშებზე, მაგრამ ამ ორი ეპოქის კულტურებს შორის შეინიშნება გარკვეული მსგავსება. ახალი ძველის განვითარება-გაგრძელებას წარმოადგენს და სრულიად აშკარაა, რომ უძველეს ცივილიზაციას ქმნიდა ქართველი ხალხი.
ამრიგად, ,,მოდინახეზე” თავმოყრილია წინაქრისტიანული ხანის თითქმის ყველა ეპოქის ძეგლი მოყოლებული ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიანანტიკურ ხანამდე.
ფერდობზე შეფენილი ვრცელი ნამოსახლარი და მთის წვერზე ამოზიდული კირქვის მასივი, რომელიც თითქმის ორივე მხრიდან ციცაბო კლდეებითა და უფსკრულებით არის შემოფარგლული, როგორც ჩანს, იმთავითვე წარმოადგენდა ამ დასახლებისათვის განკუთვნილ თავდაცვით ადგილს. მარტივი სასიმაგრო კედლების აღმართვის შემთხვევაშიც კი იგი ძნელად მისადგომი და აუღებელი იქნებოდა.
ამრიგად ,,მოდინახე” ,,საჩხერის ქვეყნის”,მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა.
1991 წლის 29 აპრილს, საჩხერეში მომხდარმა ექვსბალიანმა მიწისძვრამ ჩამოაქცია მისი კედლები.
საუბედუროდ, დღეს მოდინახე ასე გამოიყურება.
,,მოდინახის” ახლანდელი იერ-სახე
ორმოცდაათიან წლებში საჩხერის რაიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალების შეგროვებას ხელი მოჰკიდა სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა მიხეილ გოგატიშვილმა. რამდენიმე წლის შემდეგ მის მიერ შექმნილ სასკოლო მუზეუმში თავი მოიყარა საკმაოდ მრავლის მეტყველმა და არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო ასეულობით ნივთმა.
სტუმრად ქორეთის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში
მუზეუმის დირექტორი: მიხეილ გოგატიშვილი
ვეწვიეთ ქორეთის საჯარო სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. დავათვალიერთ მუზეუმის ექსპონატები და აღტაცებულნი დავრჩით. ის, რაც ისტორიული წყაროებით შევისწავლეთ, უკვე თვალით ვნახეთ.
ქორეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
იშვიათად შევხვედრივართ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე ასე თავდადებით შეყვარებულ ადამიანს, როგორიცაა სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი და სასკოლო მუზეუმის დამაარსებელი ბატონი მიხეილ გოგატიშვილი. ბატონი მიხეილი გვესაუბრებოდა, გვიხსნიდა, პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ჩვენ კიდევ მეტად გვიძლიერდებოდა ინტერესი ამ ძეგლის მიმართ.
ვცდილობდით, ჩვენს მიერ დასმული კითხვების პასუხი სიტყვა-სიტყვით ჩაგვეწერა და ეს შევძელით კიდეც, რასაც ჩვენს მეგობრებს გავაცნობთ და მომავალ თაობებს შემოვუნახავთ:
კითხვები: ა) რას გვიამბობთ იმ უცხოელი ტურისტების შესახებ და მათშორის ინგლისელი მწერალი ქალის, ,,ვეფხისტყაოსნის” ინგლისურად მთარგმნელის მარჯორი უორდროპის შესახებ, რომლებმაც მოინახულეს ციხე ,,მოდინახე”?
ბ) გვიამბეთ VI საუკუნის ბერძენი მწერლის პროკოფი კესარიელის შესახებ, რომელიც გვიან ანტიკურ და ადრე ფეოდალურ ხანაში არსებულ ნაგებობას მოხვის ციხედ მოიხსენიებს.
გ) გვიამბეთ ლეგენდა ,,მოდინახის” შესახებ, სადაც პატარა, მოხვის ციხის ადგილას აუგიათ უზარმაზარი ციხე-სიმაგრე შვიდი კოშკის ბურჯით. (XVIII-საუკუნეში).
დ) როგორია თქვენი აზრი ალექსანდრე მეფის ლაშქრის შემოსევის შესახებ ,,მოდინახის” ციხეზე, რომელსაც სურდა გაზვიადებული ფეოდალების დამორჩილება და რომელიც ხელმოცარული დაბრუნდა უკან?
ე) რა შეგიძლიათ გვიამბოთ,,მოდინახის” ციხეზე უკანასკნელად 1810 წელს მომხდარი მნშვნელოვანი ბრძოლის შესახებ?
ვ) გვიამბეთ თქვენს მიერ შექმნილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შესახებ, სადაც ინახება ,,მოდინახის”ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთები, რომელიც გვამცნობს ციხის ისტორიას.
პასუხი: ,,საჩხერის ჩრდილოეთით, რაჭის ქედის შტოს მაღალ მწვერვალზე დგას საჩხერის სიმბოლოდ ქცეული, ძველი ისტორიული ციხე-სიმაგრე ,,მოდინახე”. ციხე აგებულია მეტად ლამაზ, მოხდენილ ადგილას. ის გვირგვინივით თავს ადგას საჩხერეს.
ნახ. კაკაბაძის.
,,მოდინახე” მრავალჯერ გამხდარა ადამიანის ოცნებისა და ხოტბის ობიექტი. ვინ იცის, მისი შთაგონებით რამდენჯერ აუჟღერებია თავისი ჩანგის სიმები დიდ ქართველ პოეტს აკაკი წერეთელს. იგი ხომ ხშირად გვიხატავს მოდინახეს თავის ნაწარმოებებში. პოეტის მიერ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში დაწერილი პოემა ,,რუსეთუმეს” X თავი მთლიანად ამ ძეგლის აღწერას აქვს დათმობილი. მისი ცნობილი პოემის ,,ნათელას”-გმირი ნათელა, ,,ქალია ქველი წერეთლის, პატრონი ,,მოდინახისა”...
ვინ იცის, რამდენი შინაური თუ უცხოელი მოუხიბლავს ამ ციხისა და მისი სანახების მშვენებას. ჯერ კიდევ 1896 წელს ცნობილ ინგლისელ მწერალ ქალს, ,,ვეფხისტყაოსნის” ინგლისურად მთარგმნელს მარჯორი უორდროპს ფეხით აუვლია ბაწარივით დაკიდებულ, ვიწრო, ცანგალა ბილიკზე. ასულა მოდინახეზე და დიდი კმაყოფილება გამოუთქვამს მისი მშვენებით აღტაცებულს.
როცა საჩხერეში ჩამოსული ქართველი, თუ სხვა ერის წარმომადგენელი დიდი პოეტის აკაკისეულ კარ-მიდამოს მოინახულებდა, რაგინდ დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო, იგი საჩხერიდან ისე არ წავიდოდა, ,,მოდინახეზე” არ ასულიყო და არ დამტკბარიყო იმ საოცარი სანახაობით, რომელიც ციხიდან გადმოხედვისას მის თვალწინ გადაიშლება.
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი
როგორც გასული საუკუნის მწერალი გიორგი წერეთელი წერს, იმ ადგილას, სადაც ახლა ,,მოდინახეა,” ციხის არსებობას ადასტურებს VI საუკუნის ბერძენი მწერალი პროკოფი კესარიელი და მოიხსენიებს მას მოხვის ციხედ. (საგულისხმოა, რომ სოფელი მოხვა დღემდე არის საჩხერის მახლობლად, მის ჩრდილოეთით). ამ ადგილას რომ გვიან ანტიკურ და ადრე ფეოდალურ ხანაში მართლაც ყოფილა რაღაც ნაგებობა, ამას არა მარტო წერილობითი, არამედ ნივთიერი მასალაც ადასტურებს. ციხეში არსებულ ეკლესიის კედლებზე დატანებულია დიდი, ოთხკუთხა ფორმის წითელი თიხის აგურები (სიგრზე 24-26, სისქე 4-6 სმ.) და უფრო დიდი ზომის ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტები, სწორედ ისეთი, ამ ეპოქაში რომ იხმარებოდა, ცხადია, ეს კრამიტ-აგურები იმ ძველი ნაგებობის ნაშთები უნდა იყოს. მოდინახეს ციხე წარმოადგენს საქართველოს ფეოდალური დანაწილების დროინდელ დიდი თავადის ციხე-სიმაგრეს და იგი თავის დროზე ერთ-ერთ შეუვალ ციხედ ითვლებოდა. ციხის აშენებას წერილობითი წყაროები და ხალხში საყოველთაოდ გავრცელებული თქმულებები მიაწერენ თავად პაპუნა წერეთელს.
როგორც ცნობილია, წერეთლები იმერეთში გადმოსულან XIV საუკუნის დამლევს მათი უძველესი სამკვიდრებლიდან, წერეთიდან, რომელიც მდებარეობდა აღმოსავლეთ საქართველოში, ზემო ქართლს, ქ. გორის სამხრეთით, მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში. იქ ახლაც მდებარეობს სოფლები დიდი და პატარა წერეთი. აქვეა წერეთის ქედიც.
XVIII საუკუნეში საჩხერე უკვე კარგად დასახლებულ დაბას წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონი თავის საქართველოს გეოგრაფიაში წერდა: ,,ყვირილის სამხრეთ კიდეზედ არს საჩხერე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანნი, ვაჭარნი და ვაჭრობენ. საჩხერის პირისპირ, ყვირილის ჩრდილოეთ არს მაღალ კლდესაზედა ციხე მოდინახე, მოზღუდვილი კლდითა და უბრძოლველი მტრისაგან”.
ისტორიულად ცნობილია, რომ ფეოდალური ქვეყანა წარმოუდგენელია ციხე-სიმაგრის გარეშე. ციხე კოშკი არა მარტო სიმაგრე, თავშესაფარი იყო, არამედ იგი სოციალური სიმბოლოც იყო._ უციხო აზნაური აზნაურად არ ითვლებოდა, ხოლო თავადი თავადად. პაპუნა წერეთელმაც, როგორც ეს შეეფერებოდა ზვიად ფეოდალს, საჩხერის თავზე, მიუდგომელი კლდის წვერზე ააგო ძლიერი ციხე-სიმაგრე, შემდგომში ,,მოდინახედ” წოდებული.
,,მოდინახის” ციხის მშენებლობა იმ პერიოდში მომხდარა, როცა დასავლეთ საქართველოში ფეოდალური არეულობა კვლავ შეუნელებლად გრძელდებოდა. ლეგენდის მიხედვით ერთმანეთს დამოყვრებია პაპუნა წერეთელი და დავით აბაშიძე.
პაპუნა წერეთელს საჩხერის თავზე უძველესი, პატარა მოხვის ციხის ადგილას აუგია უზარმაზარი ციხე-სიმაგრე შვიდი კოშკის ბურჯით. აუშენებია შიგნით ეკლესია და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობანი, მოუწყვია ჭირნახულის შესანახი ხაროები და სარდაფები. გაუმართავთ მარანი დიდი ჭურებით, შეუყვანია სიმაგრეში მეციხოვნე ჯარი.
ალექსანდრე მეორე უცდიდა შესაფერ შემთხვევას გაზვიადებული ფეოდალების დასამორჩილებლად და ეს შემთხვევაც მალე მიეცა. 1735 წელს ზურაბ აბაშიძე (დავითის მამა) ქურდულად დაესხა თავს მამუკაშვილის ციხეს ხარაგოულში, მოკლა მამუკაშვილი და ციხეს თვითონ დაეპატრონა. პაპუნა წერეთელი, როგორც ჩანს, ხელს უწყობდა თავის მოყვარეს. გაჯავრებულმა ალექსანდრე მეფემ გადაწყვიტა მისი სამაგალითო დასჯა. იგი თავისი ლაშქრით შეესია საწერეთლოს, მოაოხრა იგი და ბოლოს ალყა შემოარტყა მოდინახეს ციხეში გამაგრებულ პაპუნას თუ რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ბრძოლა ცნობილი არ არის, მხოლოდ ალექსანდრე მეფემ ვერ მოახერხა რა ციხის აღება, იმედგაცრუებული გაბრუნდა უკან. ამის შემდეგ როგორც ეტყობა ალექსანდრე მეხუთეს ხერხი უმჯობინებია ღონესათვის და დროებით, მოჩვენებით შერიგებია თავის ურჩ თავადებს. რამდენიმე წლის შემდეგ მან თავის ვარდციხის სასახლეში მიიწვია პაპუნა წერეთელი და ზურაბ აბაშიძის ვაჟი დავითი, ღალატით მოაკვლევინა ორივე და თვითონ კი ხელახლა გაილაშქრა მოდინახის ციხის ასაღებად, მაგრამ არც ახლა გაუღიმა ბედმა, გმირულად დაუცავთ ციხე, რის გამოც მეფეს ვერც ახლა მოუხერხებია მისი აღება და ამჟამადაც ხელმოცარული გაბრუნებულა უკან. ასეთი საბედისწერო გაკვეთილის შემდეგ, რა თქმაუნდა, უმთავრესად პოლიტიკურ და ეკონომიურ მოსაზრებათა გამო პაპუნას შვილმა და შვილიშვილმა სამეფო კართან დაახლოებისა და ერთგულების გზა აირჩია და მართლაც XVIII საუკუნის მეორე ნახევარში წერეთლები იმერთა მეფეების სრული ნდობით არიან აღჭურვილნი და ამ გვარის წარმომადგენლებს უკავიათ ყველა მთავარი პოსტი სახელმწიფო მართველობისა.
მოდინახის ციხეზე უკანასკნელად 1810 წელსმომხდარა მნიშვნელოვანი ბრძოლა.
რუსის ჯარი მოდგომია საჩხერეს, მაგრამ ქეთევანი, სარდალ ქაიხოსრო წერეთლის მეუღლე, გამაგრებია მოდინახის ციხეში და მისთვის ვერაფერი დაუკლიათ. იგი თვითონ უმიზნებდა და ისროდა ციხიდან ზარბაზნებს.
ციხეში გმირული ბრძოლით თავი გამოუჩენია მეზარბაზნე ვინმე გელბახიანს, რომელიც თურმე იშვიათად ააცდენდა მიზანს (გელბახიანები დღესაც ცხოვრობენ საჩხერეში მოდინახის ციხის დაბლა). სწორედ ამიტომ ყოფილა, რომ ციხე ვერასგზით ვერ აუღიათ, მაგრამ მომხდურებს უფრო სხვა მზაკვრული ხერხი უხმარიათ ციხეში გაუგზავნიათ გრიგოლ წერეთელი სახლთუხუცეს ზურაბ წერეთლის შვილი, რომელსაც მეციხოვნეებისათვის შეუფიცავს, რომ რუსები მათ არაფერს ავნებს და შეეშვათ ისინი ციხეში. მართლაც ნდობიან რა თავისი მიწაწყლის კაცის თავდებობას, რუსის ჯარი ციხეში შეუშვიათ, მაგრამ ქეთევანიც და მისი მეციხოვნეებიც დაუტყვევებიათ, თუმცა ისევ გაუნთავისუქლებიათ.
ირკვევა, რომ მოდინახის ციხე აგებულია XVII_XVIII საუკუნეების მიჯნაზე, არა უგვიანეს 1735 წლისა თავად პაპუნა წერეთლის მიერ.
იმერეთის მეფეები მუდამ ცდილობდნენ ამ ციხის მფლობელი წერეთლები თავის მორჩილებაში ჰყოლოდათ, ხოლო როცა ამას მიაღწევდნენ, შემდეგ მოდინახეს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ზრუნავდნენ მის გამაგრებაზე და თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაზე. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ იმერეთის მეფეს სოლომონ პირველს 1780 წელს რუხის ბრძოლიდან წამოღებული ნადავლი, ორი დიდი ზარბაზანი მოდინახის ციხისათვის გადაუცია და ზედ ასეთი წარწერა ამოუკვეთინებია: ,,ჩვენ ყოვლისა საიმერეთოსა მეფე სოლომონ დავითიანი ზუგდიდს, რომ აფხაზთ, ჯიქთ და ალანთ შევებნით მაშინ ღვთის შეწევნით ვძლიეთ ათორმეტათას კაცს და ეს ზარბაზანი მისი ჯაბახანით გაწყობილი თვით ჩემი ხელით ვიშოვნე და მოდინახეს ციხეს ვუძღვენი”. (ეს ზარბაზნები ამჟამად ქუთაისის სამხარეთმცოდნეო მუზეუმშია გამოფენილი)
აქაურ მცხოვრებლებში მრავალი ლეგენდაა გავრცელებული ციხის საიდუმლოებათა შესახებ. თითქოს მოდინახის ციხეში ფეოდალებს ციხეში მოწყობილი ჰქონდათ მიწისქვეშა დიდი აუზი, რომელშიც ცოცხლად ჰყრიდნენ ურჩ ყმებს და აჭმევდნენ თევზებს. ასევე მრავალი ლეგენდაა ციხის საიდუმლო გვირაბზე, სახრჩობელა კოშკზე და სხვა.
ციხის კედლებზე შიგნიდან მიდგმული ყოფილა მეციხოვნეთა საცხოვრებელი ბინები და სხვადასხვა სახის დამხმარე ნაგებობანი. ასეთები იყო ალბათ საიარაღო პალატა, სამზარეულო, სახაბაზო, მსახურთა სადგომი, საჯინიბო, საბძელი პირუტყვის საკვებისათვის, ხულა და ბეღელი მარცვლეულის შესანახად და სხვა. არ შეიძლება აქვე არ ყოფილიყო საგანგებოდ მოწყობილინ ბინა ციხის პატრონი მთავარსარდლისათვის და აგრეთვე სასტუმრო ოთახები.
,,მოდინახე”
როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები გადმოგვცევენ, ეს ხვრელი უნდა იყოს ჩასასვლელი იმ საიდუმლო გვირაბისა, რომელიც ჩადიოდა დაბლა, ციხიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარე წერეთლების სასახლეში. ამ გვირაბის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები მოგვითხრობენ, რომ თითქოს მათ თავისი თვალით ენახოთ გვირაბის გამოსავალი სასახლის ქვეშ დიდ სარდაფში. გვირაბის არსებობის სინამდვილის შემოწმება არ მოხერხდა, რადგან წერეთლების სასახლე (შემდეგ საავადმყოფო) ამჟამად მთლიანად დანგრეულია.
,,მოდინახის’’ ფერდობი
მოდინახის ფედობზე არქეოლოგები 10 წელი გათხრებს აწარმოებდნენ ჯ. ნადირაძის ხელმძღვანელობით.
არ შეიძლება მადლიერების გრძნობით არ მოვიხსენიოთ მოდინახის მცველი ბატონი ექვთიმე მალაქიას ძე გაბაძე, რომელიც 93 წლის ასაკამდე, 40 წელი უანგაროდ და დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ამ საპატიო საქმეს და თავისი სტუმაეთმოყვარეობით ხიბლავდა ციხის დამთვალიერებლებს.
გათხრები ,,მოდინახის” ფერდობზე 1967 წ.
ცენტრში ციხის მცველი ექვთიმე გაბაძე
სტუმრად სოფელ ქორეთის საჯარო სკოლაში
შეხვედრა თანატოლებთან
გულთბილად მიგვიღეს ქორეთის საჯარო სკოლაში. შევხვდით თანატოლებს. მოიწონეს ჩვენი პროექტის მიზანი. გვესაუბრნენ თავიანთ მიღწევებზე, ძეგლების მიმართ დამოკიდებულებაზე და უპასუხეს ჩვენს შეკითხვებს IX კლასის მოსწავლეებმა: დიასამიძე ცისანა, ბიჭაშვილი ამირანი, ლომიძე ქეთი, შარვაძე ნინო, ბუსხრიკიძე თინათინ.
კითხვა: ა) როგორია თქვენი დამოკიდებულება უძველესი ისტორიული ძეგლების მიმართ?
პასუხი: საქართველო მდიდარია უძველესი ისტორიული ძეგლებით, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ რათქმაუნდა ჩვენთვის, ყველა ქართველისათვის და საერთოდ საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისათვის. ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ თითოეული ისტორიული ძეგლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ასე არ იქცევა. გულს გვტკენს ის მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ადამიანი აბინძურებს და ანადგურებს ამ უნიკალურ სიძველეებს.
დიდია ჩვენი ინტერესი საქართველოს უძველესი ისტორიული ძეგლების მიმართ. გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩვენს სამშობლოს უკავშირდება. მართალია, ყველა ისტორიული ძეგლი არ გვაქვს ნანახი, მაგრამ სურვილი გვაქვს, ვნახოთ უკლებლივ ყველა, რაც უდიდეს ბედნიერებას მოგვანიჭებს.
ვიყავით ექსკურსიაზე ვარძიაში. გასულ წლებში ვნახეთ ხერთვისის ციხე, გელათი, ბაგრატის ტაძარი, სვეტიცხოველი, კაცხის სვეტი და სხვა. დავტკბით სანახაობით და დაგვეუფლა სიამაყის გრძნობა, რომ საქართველოს შვილნი ვართ. ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ააშენეს ეს არაჩვეულებრივი ძეგლები და შემოგვინახეს. ჩვენი ვალია, დავიცვათ და მოვუაროთ მამა-პაპის სისხლითა და ოფლით დაცულ განძს.
კითხვა: ბ) თუ დაინტერესებულხართ თქვენი სოფლის ტერიტორიაზე არსებული უძველესი მაცხოვრის ეკლესიის და უდერძის სალოცავის ისტორიით? გვიამბეთ მათ შესახებ.
პასუხი: ძალიან გვიხარია და ჩვენში სიამაყის გრძნობას იწვევს ის, რომ ვცხოვრობთ ისეთ სოფელში, რომელიც მდიდარია ისტორიული ძეგლებით, სალოცავებით. სოფელ ქორეთში არსებული მაცხოვრის ეკლესია უძველესია. იგი აგებულია 1000 წელს. ერთინი საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს. შემდეგ რაღაც მიზეზის გამო ეს ეკლესია დანგრეულა და ისევ განუახლებია მარიამ დედოფალს. ეკლესიაში არის წარწერა: ,,წმინდაო სამებაო, შეიწყალენ მარიამ დედოფალი და შვილნი მისი გიორგი და ხურსი”.
ასევე, ჩვენს სოფელში არის უდერძის სალოცავი. იგი XVI_XVII საუკუნეშია აგებული. მისი აგება უკავშირდება ხილვას, რომელიც სოფელ კალვათაში მცხოვრებ ერთ-ერთ მოხუც კაცს ჰქონდა.
გაერთიანებული ვართ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებულ კლუბში ,,თავთუხები”. ჩვენი ვალია, მოვიძიოთ, შევკრიბოთ, მოვუფრთხილდეთ სიძველეებს. მოვაგროვეთ მასალები რაიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებზე, ასევე სხვადასხვა სიძველეებზე. მათ შორის მაცხოვრის და უდერძის სალოცავებზე. გამოუშვით კედლის გაზეთი და გავაცანით რამდენიმე სკოლას.
კითხვა: გ) როგორ იყენებთ ისტორიის სწავლებაში თქვენს სასკოლო მუზეუმს, რომელიც უმდიდრესია უძველესი ექსპონატებით?
პასუხი: ჩვენს სკოლაში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ მიხეილ გოგატიშვილს. ამ მუზეუმის მოსანახულებლად ჩამოდიან არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხოეთიდან. მუზეუმში დაცულია მრავალი მნიშვნელოვანი ექსპონატი, რომლის ნახვასაც ჩვენთვის და, დარწმუნებული ვართ, ნებისმიერი სხვა პიროვნებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან გვიხარია, რომ ასეთი მუზეუმი ჩვენს სკოლაშია. როდესაც ვსწავლობთ ისტორიაში სხვადასხვა ეპოქებს, როგორიც არის მაგალითად ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა და სხვა. შევდივართ მუზეუმში და თვალით ვხედავთ ყოველივეს. ჩვენი ცოდნა და ინტერესი უფრო ღრმავდება. მუზეუმს ვიყენებთ არა მარტო ისტორიის სწავლებისას, არამედ გეოგრაფიის, ქიმიის და სხვა საგნების შესწავლისას. მუზეუმში არის დანალექი ქანები, გაქვავებული ცხოველები. ჩვენ მათი გაქვავებისა თუ დალექვის მიზეზების ახსნას ვცდილობთ ქიმიურად და გეოგრაფიულად.
ტესტური გამოკითხვის შედეგები
სულ გამოკითხულ იქნა IX_XI კლასის 60 მოსწავლე, რაც დაკავშირებული იყო ისტორიულ ძეგლთა მოვლა-პატრონობაში მოსწავლე- ახალგაზრდობის დამოკიდებულებასთან.
ტესტური გამოკითხვა
1. მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ისტორიული ძეგლების მოვლა- პატრონობაში?
,,დიახ”_21%
,,არა”_79%
,,არ მაინტერესებს”_0%
2. თქვენი აზრით, ვინ უნდა ზრუნავდეს თქვენს რეგიონში არსებულ ისტორიულ ძეგლთა მოვლა- პატრონობაზე?
,,სახელმწიფო”_16%
,,მოსახლეობა და სახელმწიფო ერთად”_60%
,,მოსახლეობა”_15%
3. დაინტერესებულხართ თუ არა თქვენს რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების აღდგენა რესტავრაციით?
,,დიახ”_87%
,,არა”_5%
,,ნაწილობრივ”_8%
4. როგორ ფიქრობთ, ეთმობა თუ არა ყურადღება თქვენს რეგიონში არსებულ ისტორიულ ძეგლებს სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან?
,,არანაირი”_2%
,,მეტნაკლებად”_90%
,,აქტიური”_8%
5. არსებობს თუ არა ჩვენს რეგიონში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი?
,,არა”_19%
,,დიხ’’50%
,,არ ვიცი”_31%
6. თვლით თუ არა, რომ ისტორიული ძეგლების კედლებზე არსებული ადამიანთა ინიციალების აღმნიშვნელი მინაწერები, ნაკაწრები, ნახატები და ა.შ. რომელიც ჩადენილია მნახველის მიერ, უნდა ჩაითვალოს ვანდალიზმად?
,,დიახ”_59%
,,არა’’_3%
,,ნაწილობრივ’’_38%
7. რომელიმე ისტორიული ძეგლის დათვალიერებისას გაგიკეთებიათ თუ არა მსგავსი წარწერა?
,,არა’’98%
,,დიახ”_2%
,,არ მახსოვს”_0%
8. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, თუკი ყველა მნახველი საკუთარ ხელნაწერს დატოვებს ისტორიული ძეგლის კედლებზე?
,,მხოლოდ კედლები აჭრწლდება”_5%
,,ძეგლი მნახველთა ინტერესს დაკარგავს”_2%
,,ძეგლი საბოლოოდ დაკარგავს იერ-სახეს”93%
9. რომელ ისტორიულ ძეგლებს იცნობთ თქვენს რეგიონში?
,,1-დან 7-მდე ისტორიული ძეგლი დაასახელა”_21%
,,7-დან 11-მდე ისტორიული ძეგლი”_70%
,,12_ს ზევით”_9%
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესება ისტორიული ძეგლების მიმართ არის მაღალი.
სტუმრად საბავშვო ბიბლიოთეკაში
ასევე მგრძნობიარე სიტყვებითაა აღსავსე ციხესთან არსებული შთაბეჭდილებების წიგნებიც, რომელიც ინახება მოდინახის ციხის ყოფილი მცველის აწ გარდაცვლილ ბატონი ექვთიმე გაბაძის შვილიშვილის ქალბატონ ზოია გაბაძე-ლაშხის ოჯახში. იგი საჩხერის საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობს. სწორედ ბიბლიოთეკაში მოგვიტანა ეს წიგნები. დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგვიღო და გვაჩვენა, ფაქიზად შენახული შთაბეჭდილებების 10 წიგნი.
შთაბეჭდილების წიგნები
აქ ჩანაწერები აქვთ გაკეთებული, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე მოძმე რესპუბლიკებიდან და უცხო ქვეყნებიდან მოსულ დამთვალიერებლებს. შევეცადეთ ჩვენს პროექტში აგვესახა რამდენიმე შთაბეჭდილება, რომელიც ,,მოდინახის” ნახვისას გაუჩნდათ დამთვალიერებლებს.
მოდინახე
ეს რა ყალამმა მოხატა,
მზემდე რა ხელმა აზიდა?
მოდი ნახე და მითხარი
პლანეტას თუ აქვს მსგავსი რამ!
მოდი, ნახე და განცვიფრდი,
უმჯობესს რაღას ინატრებ,
მისწვდი და აბა, გასცილდი
ზღვარდაუდებელ სიმაღლეს.
მოდი, ნახე და იწამებ,
მას, რაიც ზოგჯერ არ გჯერა,
მზის ჩამოტანას მიწამდე,
ქართველი კაცის მარჯვენას.
მოდინახე მთლად განძია,
ვარსკვლავთა უტყვი გამთვლელი,
მოდი, ნახე რა გამძლეა
საქართველო და ქართველი!
ცირა
27.05.77
1970 წლის 17 მაისი. ახალციხის რაიონის სვირის საშუალო სკოლის ექსკურსანტთა სახელით შოთა კურტანიძე:
კარგად ვნახეთ ,,მოდინახე”
და ვადიდეთ მშენებელი,
ესეც არის ისტორიის
ერთი დამამშვენებელი.
1973 წელი 25 მარტი.
ექსკურსანტები თბილისიდან: მარინა შარიქაძე, გულბაზ შარიქაძე, ნუნუ მაჭარაშვილი, იური კვიჟინაძე. მათი სახელით მერი გელბახიანი
მთის წინაშე ქედუხრელი
დგას მშვენება ციხე ძველი,
თავს ამაყად გადმოჰყურებს,
რომ გაშლილა მის ქვეშ ველი.
ისმენს დუდუნს მდინარისას
განა ერთის? ორის ამბავს
ყვირილის და ჩიხურისა.
ისმენს, მაგრამ არას ამბობს,
ისევ ისე დგას ამაყად,
გადაჰყურებს თავს საჩხერეს
ალამაზებს მას ათმაგად.
1964 წლის 6 დეკემბერი.
თბილისიდან ჩამოსული სტუმრები: გეოგრაფ-გეოლოგი_ქეთევან ბასილაშვილი, თეატრალური ინსტიტუტეს სტუდენტი_გურამ ფირცხალავა, მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი_ნარგიზ სხირტლაძე.
დაგილოცე გულით, გრძნობით,
მოხატული მთა და მდელო,
შენს ქვევრებთან დაიბადა
ჩემი ტკბილი სადღეგრძელო.
გადავლოცეთ ის მარჯვენა,
ვინაც თავის ვაჯკაცობით
ვინაც შეგქმნა, აგაშენა,
შენი ფუძე დაამშვენა.
უთვალავი მტერი გლეწდა,
კედლებიც ვერ შეგილახა,
ხალხმა შეგქმნა, ხალხის გულმა
საუკუნოდ შეგინახა.
ვერ ვთქვი, შენი შესაფერი
სიტყვები ვერ მოგინახე,
მსურს, სტუმრები გაგიმრავლო,
ყველას ვეტყვი: მოდი ნახე!
შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან
ბატონ ლევან ჩხეიძესთან
კითხვაზე: ა) ჩვენი მთავრობა დაინტერესებულია ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობით და მისი აღდგენით. როგორია ამ მხრივ რაიონში მდგომარეობა, რას გვეტყვით ამის შესახებ?
პასუხი: ჩვენი რაიონი სავსებით იწონებს და იზიარებს მთავრობის დაინტერესებას ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობით. ჩვენი რაიონის ბიუჯეტის გათვალისწინებით შეძლების და გვარად ვცდილობთ, რაიონში არსებული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციას.
აღდგენილი და გადახურული იქნა რაიონის სახსრებით სოფელ ქორეთში უდერძის წმინდა გიორგის ეკლესია. შემოირაგვა და რესტავრაცია გაუკეთდა სოფელ სავანის უძველეს ეკლესიას.
აგრეთვე, აშენდა გორიჯვრის წმინდა გიორგის სალოცავი. შეკეთდა საავტომობილო გზა და მიყვანილი იქნა წყალი.
ვიწონებთ თქვენს პროექტს და შევეცდებით შესაძლებლობის ფარგლებში გაგიწიოთ დახმარება იმ საკითხების შესრულებაში, რომელსაც თქვენი პროექტი ითვალისწინებს.
ბ) თქვენი შესაძლებლობის ფარგლებსი როგორ დახმარებას გაგვიწევდით ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესასწავლად?
პასუხი: შემიძლია მოგაწოდოთ თვალსაჩინო მასალები ციხესთან დაკავშირებით.
მართლაც, არაჩვეულებრივი მასალები მოგვაწოდა ბატონმა ლევანმა. ავსახეთ ჩვენს პროექტში, მოვაწყვეთ გამოფენა-ჩვენება სკოლაში, მივიღეთ უდიდესი ცოდნა, რაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.
,,მოდინახის” ფერდობის სამარხები
შეხვედრა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის
დირექტორთან ბატონ ცეზარ ლაშხთან
აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში
დილით ჩვენი ჯგუფი ეწვია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს, რომელიც ჩვენთვის და, საერთოდ რაიონისათვის, ერთობ საამაყოა, არ შეგვიძლია უყურადღებოდ დავტოვოთ დიდი აკაკის ნაფუძვარი და მის შესახებ მცირე ინფორმაცია არ მოგაწოდოთ.
აკაკის სოფელი სხვიტორი საჩხერის რაიონში ,,მოდინახის” ძირას არის გაშლილი, რომლის შუაგულში მოქუხს მდინარე ჩიხურა. აკაკი წერს:
,,წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ: ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე, სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე დგას ორსართულიანი ქვიტკირის სახლი. ამ შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე ციხის, მგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს...”
როსტომ წერეთელს ეს სახლი 1834 წელს აუგია. აი, ამ სახლში დაბადებულა აკაკი წერეთელი.
მცხუნვარე მზე გიზგიზებდა. მზის სხივი შედიოდა პატარა ოთახებში და დარბაზში, ეალერსებოდა ფოტო სურათებს და ,,ივერიის” გაყვითლებულ ფურცლებს, იმ აკვანს, რომელიც ირწეოდა 168 წლის წინათ, იმ ოთახის კედლებს, სადაც დიდმა აკაკიმ გაახილა და მერე სამუდამოდ დახუჭა თვალები. ამ ოთახში ერთ დღეს, ერთ წამს ერთმანეთს შეხვდა დასაწყისი და დასასრული, რიჟრაჟი და შეღამება და ამ შეხვედრაში იყო რაღაც დიდებული და საოცარი, ზარდამცემი და შემაძრწუნებელი, იყო ჩრდილისა და სინათლის ორთაბრძოლა...
ეს იყო ელვა. ჩვენს თაობას ეს ელვა არ დაუნახავს, არც გრუხუნი გაუგონია. ეს ელვა დაინახეს და ის გრუხუნი გაიგონეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც ცხარე ცრემლით დაიტირეს დიდი ქართველი პოეტის ცხედარი და გლოვით აასვენეს მამადავითზე.
ჩვენ აკაკი მხოლოდ სახელმძღვანელოების ფურცლებიდან გვიყურებს, ხან გაღიმებული და ხან დაფიქრებული. და სამშობლოს დიდი სიყვარულით გვივსებს ბავშვობის განუმეორებელ დღეებს, ჩვენს უმანკო და შეუბღალავ ფიქრებს...
1915 წლის თებერვლის ერთ უბედურ დღეს ამ სახლის კედლებში შეჩერდა პოეტის გულის ძგერა და იმ საათის ტიკ-ტიკი, რომელიც ითვლიდა დროს. ახლა ყველაფერი ისტორიას ეკუთვნის. ამ ოთახის კედლებში ისმის მისი ნაბიჯების ხმა, მისი ხმადაბალი ღიღინი. იგი ნელა დგება საწოლიდან, ფრთხილად აღებს კარს, რომელიც ოდნავ ჭრიალებს, გადის აივანზე და გაჰყურებს ჭალაში ჩაბუდებულ სოფლებს.
სახელმძღვანელოებისა და სქელი წიგნების ფურცლებიდან გადმოდის მისი წმიდათა-წმიდა ლანდი და დადის ორღობეებში, ბოგირზე და ყველგან, აღებს კარს, შედის გლეხების ოჯახებში, არქმევს ბავშვებს თავის სახელს, ასწავლის თავის უზადო კეთილხმოვან ლექსებსა და სიმღერებს, აკვანთან დახრილი მრავალი დედის პირით ჩვილებს უმღერის ,,ნანას” და აღვიძებს ფიქრებსა და მოგონებებს...
დღეს ამ ძვირფას სახლ-მუზეუმს, ჩვენი რაიონის მკვიდრი, ისტორიკოსი, უაღრესად განათლებული და პატრიოტი ადამიანი ბატონი ცეზარ ლაშხი ხელმძღვანელობს, იცავს და უფრთხილდება მუზეუმის თითოეულ ექსპონატს.
იგი დიდი სითბოთი, სიყვარულით და გულისხმიერებით შეგვხვდა. ინტერესით მოგვისმინა და უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.
კითხვაზე: ა) ცნობილია, რომ ,,მოდინახის” ციხე არა ერთი პოეტის შთაგონების წყარო ყოფილა. ჩვენი თანამემამულე აკაკი წერეთელიც დიდ ადგილს უთმობდა თავის პოეზიაში აღნიშნულ ციხეს, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?
პასუხი: მუზეუმის დირექტორმა ბატონმა ცეზარ ლაშხმა გაგვაცნო ის ლიტერატურა, სადაც უკვდავყოფილია ციხე-მოდინახე. აკაკი წერეთლის პოემები: ,,ნათელა”და ,,რუსეთუმე”, ლექსი ,,მოდინახე”, ამავე დროს დაგვისახელა ცნობილი ისტორიკოსისა და არქეოლოგის გიორგი წერეთლის ნაშრომები.
ბ) აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს მრავალი დამთვალიერებელი ჰყავს. როგორია მათი ინტერესი უძველესი ციხე-სიმაგრის მიმართ?
პასუხი: შეუძლებელია, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის დამთვალიერებელს არ გაუჩნდეს ინტერესი ,,მოდინახის” მიმართ. გასულ წლებში საჩხერეში ჩამოსული ტურისტი აუცილებლად ნახულობდა ,,მოდინახეს,” მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მნახველთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პროექტი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ სახლ-მუზეუმი, გადავიღეთ სურათები და მდიდარი შტაბეჭდილებით დავბრუნდით შინ.
შეხვედრა საჩხერის მკვიდრ, უხუცეს პოეტ
ალექსანდრე ხუციშვილთან
ბატონმა ალექსანდრემ ჩვენს შეკითხვას:
ლექსი, ჩანაწერი, ან რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი ,,მოდინახის” ციხის შესახებ თქვენი შემოქმედებიდან.
პოეზიის ენით გადმოგვცა ,,მოდინახის ტრაგედია”
მოდინახის ტრაგედია
პირველი გრძნობდა დღეებს დარდიანს,
ყვებოდა თავის იწილ-ბიწილოს
და თითქოს ლამაზ ჭიამაიას,
ბუნება თხოვდა: ფრინდი, ფრინდიო!
არა, არ იყო სუსტი მორჩილი,
მუსრავდა მომხდურს, ხალხის მაწყევარს,
საუკუნეთა აკვნად მოჩანდა
და წამი უკლდა მის გადარჩენას.
ისევ ვჩურჩულებ: როგორ მიყვარდი,
ვულოცავ მხრების, მკერდის მაქებარს,
აქლემს მოჰგავდა, აქლემს ტვირთაყრილს,
და რაღა უკლდა მის ჩაჩოქებას.
მაყრიონებით ადგა მთელი ცა
მოწყვეტილ ვარსკვლავს მკერდზე იწვენდა,
გვირგვინად სურდა ყველა წელიწადს,
ვამბობდით ცოტაც, ჰა და მიწვდება.
არა, არ იყო ღირსი სიმუხთლის,
ბუნებამ მისი ბედიც მადარდა,
აფრინდა, მიწვდა თუ ჩაიმუხლა,
ეგ სულ ერთია, ციხე გათავდა.
ალექსანდრე ხუციშვილი
ციხე მართლაც ,,გათავდა”
შეხვედრა ,,მოდინახის” ფერდობზე მცხოვრებ სოფელ დუნთის მოსახლეობის იმ ადამიანებთან, რომელთაც 4-5 კილომეტრის გავლა ჭირდებათ საჩხერის ცენტრთან, ბაზართან, სკოლებთან დასაკავშირებლად.
დილით, ადრე, გეზი ავიღეთ ,,მოდინახის” ფერდობზე მცხოვრებ სოფელ დუნთის მოსახლეობის შესახვედრად. მივუყვებოდით ,,მოდინახის” ფერდობზე აღმართს და ვსაუბრობდით ჩვენს წინაპრებზე, რომლებიც დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მეოცე საუკუნეში ასევე მიმოდიდნენ და შრომობდნენ, როგორც დღეს ჩვენ.
ცოტაც და ავედით სიმაღლეზე. მივედით სვეტთან, სადაც ამოიკითხავთ: ,,ამ ადგილზე, გენერალ-მაიორის ზურაბ წერეთლის სასახლეში მუშაობას ეწეოდა იმერეთის სტამბა 1815-1822 წლები.
აქ მუშაობას ეწეოდა სტამბა (1815-1822 წწ.)
აქ ადამიანები ცხოვრობდნენ, იბადებოდნენ, წოვდნენ დედის ძუძუს, იდგამდნენ ფეხს, სწავლობდნენ იარაღის ხმარებას და სამშობლოს სიყვარულს, იმზირებოდნენ ,,მოდინახის” სათოფურებიდან და იბრძოდნენ...
მათ გმირულ საქმეებზე მღეროდნენ ადამიანები ზამთრის გრძელ ღამეების მდუმარებაში და აცოცხლებდნენ დაჟანგულ საუკუნეებს.
მათი ისტორია გვაფორიაქებს, გვამხნევებს და გვამღერებს. მათ მამაცობასა და თავდადებას უგალობს ჩვენი ჩანგი, რომელიც ერის გულში იმღერებს მანმადე, ვიდრე ამ ერს სიცოცხლე უწერია...
ჩვენ არსად გვინახავს ამგვარი მოხუცები, როგორებიც სოფელ დუნთის მკვიდრნი არიან: 1915 წლის 17 დეკემბერს დაბადებული 93 წლის მოხუცი ქალბატონი ბარბარე ზაბახიძე- მაქაძე და 80 წელს მიღწეული ბატონი ალექსანდრე თოდაძე.
სოფელ დუნთაში
რა კარგები არიან ტკბილად დაბერებული ეს მოხუცები, რა მიმზიდველნი. რა კეთილები!... ისინი ცხოვრობენ მთის გადაღმა, სხედან ძველი ციხის ნანგრევების ჩრდილში და აცოცხლებენ გარდასულ დროის სურათებს. წარსულით ცხოვრობენ და სუნთქავენ. მათი სახეები დიდხანს იცოცხლებს ჩვენს გულებში.
ჩვენ, ქაღალდით და საწერ-კალმით ხელში, ყოველ სიტყვას ხარბად ვიჭერდით და საკბილოს ვეძებდით... და ისეთ წვრილმანზეც ვეკითხებოდით, რომლებიც ამ კეთილ მოხუცებს შეიძლება არც ახსოვდათ, მაგრამ ისინი მშობლების ნაამბობსაც იხსენებდნენ, რადგან არ უნდოდათ, გაწბილებულნი გამოვეშვით. ეს კეთილი ადამიანები ბავშვივით ხარობდნენ და ამაყობდნენ, რომ მათ მსმენელი ჰყავდათ და ბედნიერნი იყვნენ იმით, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, დაინტერეებულნი ვართ მათით და ჩვენი სამშობლოს წარსულით.
იხსენებდნენ, ბავშვობაში როგორ მწყევსავდნენ ,,მოდინახის” შემოგარენში პირუტყვს. რომ მოდინახეს ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, მათ შორის უცხოელებიც. ამაყად იხსენებდნენ მათ ნათქვამს: ,,ისტორიული ძეგლი ბევრი გვინახავს, მაგრამ ასეთი ბუნების არსადო”. გაიხსენეს ლეგენდა ,,მოდინახის” შესახებ, რომელიც ჩვენს პროექტში არის ასახული. ისაუბრეს ,,მოდინახის” გვირაბზე და სხვა.
დიდათ გაიხარეს, როცა გაიგეს, რომ ჩვენ ვზრუნათ ,,მოდინახისა” და საბაგირო გზის აღდგენაზე. მათ აღნიშნეს: ბედნიერები იქნებიან, თუ თავის სიცოცხლეში მოესწრებიან ჩვენი პროექტით გათვალისწინებული საკითხების მოგვარებას.
საბაგირო გზა, რომელიც 17 წელია არ მუშაობს.
ცხოვრების დონე მათ საშუალო აქვთ. ოჯახებიდან ახალგაზრდები წასული არიან სხვადასხვა ქალაქებში სამუშაოდ.
მოხუცებს იმედი კიდევ უფრო გაუღრმავდათ და ლოცვა გამოგვაყოლეს.
ვეცდებით, ეს იმედები გავამართლოთ.
დავბრუნებისას ,,მოდინახედან” კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ჩვენს სათაყვანებელ საჩხერეს.
სოფელ დუნთიდან დაბრუნების დროს
შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარესთან
ბატონ ნოდარ აბჟანდაძესთან
ბატონ ნოდარ აბჟანდაძესთან
კითხვაზე: ა) თუ ითვალისწინებს რაიონის ბიუჯეტი ისტორიული ძეგლების აღდგენას?
პასუხი: რაიონის ბიუჯეტში გარკვეული თანხა გამოყოფილია ისტორიული ძეგლების აღდგენისათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ გრანდიოზული სამუშაოების ჩასატარებლად, რომელსაც ჩვენს რაიონში არსებული ისტორიული ძეგლები საჭიროებენ.
ბ) შესაძლებელია თუ არა იმ საბაგირო გზის აღდგენა, რომელიც სოფელ დუნთის მოსახლეობას აკავშირებდა რაიონულ ცენტრთან.
პასუხი: ჩემი აზრით, იმდენად დაზიანებულია ძველი საბაგირო გზა, რომ უკეთესი იქნება ახლის გაკეთება, რომლის ხარჯები ბევრად არ აღემატება ძველის შეკეთებას. ამავე დროს დაცული იქნება მგზავრთა უსაფრთხოებაც.
გ) ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, არსებობდა რაიონში ტრადიცია, რომელიც ითვალისწინებდა ეროზიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის განაშენიანებას მარადმწვანე მცენარეებით. ამ მხრივ ჩვენს სკოლას კარგი ტრადიცია აქვს. თუ არის შესაძლებელი ამ ტრადიციის აღდგენა მომავალში?
პასუხი: მივესალმები თქვენს ინიციატივას და ამ ტრადიციის აღდგენა, რათქმაუნდა, შესაძლებელი იქნება მომავალში.
შეხვედრა საჩხერის საგანმანათლებლო
რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან
ბატონ გივი გაგნიძესთან
რესურს ცენტრში
შევხვდით საჩხერის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ გივი გაგნიძეს. მოგვიწონა ინიციატივა და მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს. დაგვეხმარა ჩვენთვის საინტერესო ლიტერატურის მოძიებაში.
ამაყობს, რომ ჩვენი რაიონის თითქმის ყველა სკოლა გარემონტებულია მაღალ დონეზე, აღჭურვილია სათანადო ინვენტარით, არსებობს კომპიუტერული სისტმა. ყველა პირობა გვაქვს შექმნილი გავიღრმავოთ ცოდნა და გამოვამჟღავნოთ ჩვენი შესაძლებლობები. დაგვარწმუნა, რომ იგი ყოველთვის ინტერესით შეხვდება მოსწავლე-ახალგაზრდების ყოველ ინიციატივას და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.
ბატონი გივი ინტერესით გაეცნო ჩვენს პროექტს, მოგვიწონა და დახმრებას დაგვპირდა ბუკლეტების დამზადებაში.
შეხვედრა ქალაქის მერთან
ბატონ თეიმურაზ ტაბატაძესთან
ქალაქის მერი ბატონი თეიმურაზ ტაბატაძე ბედნიერი იყო ჩვენი შეხვედრით. უხაროდა, რომ ჩვენს სამშობლოს ეზრდება ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც კარგ სწავლასთან ერთად ზრუნავენ ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, მათ დაცვასა და პოპულარიზაციაზე. მიესალმა ჩჩვენს წამოწყებას და დაგვპირდა მხარდაჭერას შესაძლებლობის ფარგლებში.
რაიონის ახალგაზრდობა მიესალმება ჩვენი პროექტის გამარჯვებას. გავიხარებთ თუ ამ ნანგრევებზე ვიხილავთ XXI საუკუნეში განახლებულ ისტორიულ ძეგლს ,,მოდინახეს”.
შეხვედრა რაიონის არქიტექტორთან
ბატონ დიმიტრი გოდაბრელიძესთან
რაიონის არქიტექტორი ბატონი დიმიტრი გოდაბრელიძე
შევხვდით რაიონის არქიტექტორს ბატონ დიმიტრი გოდაბრელიძეს.
გავაცანით პროექტით გათვალისწინებული საკითხები და ვთხოვეთ, გამოეთქვა თავისი მოსაზრება. ბატონი დიმიტრი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენი ენთუზიაზმით და თანადგომა შემოგვთავაზა. კერძოდ მიგვითითა, დაგვეწერა განცხადება, ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სურვილები და მიგვეტანა ჩვენი რაიონის მკვიდრ უდიდეს ქველმოქმედ ბატონ ბიძინა ივანიშვილამდე.
მოგვეწონა რაიონის არქიტექტორის აზრი და განცხადებით გავიარეთ შემდეგი ინსტანციები: საჩხერის რესურს ცენტრი, მუნიციპალიტეტის საკრებულო და მივედით ,,ატუს”დირექციამდე.
დაგვპირდნენ, რომ ჩვენი განცხადება განხილული იქნება და დაიმედებულნი გამოგვისტუმრეს.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ბიძინა ივანაშვილი ჩვენს იმედებს არ გააწბილებს და მოხდება
საჩხერის სიამაყის, ისტორიული ძეგლის ,,მოდინახის” აღდგენა და, რათქმაუნდა, საბაგირო გზის აღდგენა.
გვჯერა, მიზანს მივაღწევთ და ბედნიერები ვიქნებით.
პროექტზე მუშაობის ყოველი დღე ჩვენთვის საინტერესო, მხიარული, საამაყო, ბედნიერი, ცოდნისა და გამოცდილების მომტანი იყო.
შევადგინეთ ,,მოდინახის გზამკვლევი.
ამ ძეგლის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში მოვაწყვეთ ჩვენი მუშაობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.
მოვაწყვეთ კომპიუტერული მასალების გამოფენა-ჩვენება
,,მოდინახის,, ფერდობზე მოპოვებული ექსპონატებისა.
იმედი გვაქვს, მოწონებული იქნება ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი. აღდგება ,,მოდინახე” და განვითარდება ტურიზმი ჩვენს მშობლიურ რაიონში.
პატივისცემით:
მაია მაჭარაშვილი (კაპიტანი)
ხათუნა თოდაძე
ნინო ზაალიშვილი
ვერიკო მწყერაშვილი (პედაგოგი)
25. 06. 2008წ.
Subscribe to:
Posts (Atom)